კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა უარყოფს ინფორმაციას კონსერვატორიის, სამატვრო აკადემიისა და თეატრალური ინსტიტუტის გაერთიანების შესახებ. მისი თქმით, აღნიშნულ სასწავლებლებს მხოლოდ სტატუსი შეეცვალათ, რაც განპირობებული იყო იმით, რომ სამივე სასწავლებელი საჭიროებდა რეფორებს, ინფრასტრუქტურისა და მეთოდოლოგიის გაუმჯობესებას.
"სამივე უმაღლესი სასწავლებელი საჭიროებს ცვლილებებს და ჯობია ეს ცვლილებები მალე მოხდეს", - განაცხადა რურუამ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა სახელმწიფო კონსერვატორიის,სამხატვრო აკადემიისა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციას გეგმავს. მთავრობის შესაბამისი დადგენილებები "საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. დადგენილებების მიხედვით, სამივე დაწესებულებაში რეორგანიზაციის პროცესი 20 მარტამდე უნდა დასრულდეს.
№73 დადგენილების მიხედვით საჯარო სამართლის იურიდიული პირი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია არასამეწარმეო იურიდიულ პირად - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიად გადაკეთდება. კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შესრულება რევაზ კიკნაძეს დაევალა, რომლის უფლებამოსილებას რექტორის არჩევამდე განახორციელებს.
ამავე დადგენილებით, იგივე პროცესი განხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირად გადაკეთდება, რომლის რექტორის მოვალეობის შესრულება ნოშრევან ჩხაიძეს უკვე დაევალა.
გილაურის №75 დადგენილების თანახნმად, 20 მარტამდე მოხდება ასევე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციაც. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის მოვალეობას, რექტორის არჩევნებამდე, ირინე პოპიაშვილი განახორციელებს.