რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მას არაერთგზის უსაუბრია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელი საუბრის დროსაც არწმუნებდა მას, კონფლიქტი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სისხლისღვრამდე არ მიეყვანა.
"სააკაშვილმა დანაშაული საკუთარი ხალხის წინაშე ჩაიდინა, საქართველოს წინააღმდეგ ჩაიდინა. მან მიაღწია ტერიტორიის ჩამოცილებას. ახლა როგორ უნდა მოველაპაკოთ ამ ხალხს?" _ განუცხადა "იმედს" ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, სამხედრო კონფლიქტის დაწყებამდე იგი სააკაშვილს მრავალჯერ ესაუბრა.
"მე მას ბევრჯერ ვუთხარი, მხოლოდ სისხლისღვრამდე არ მიყვანოთ საქმე", _ აცხადებს პუტინი და იხსენებს, რომ ეს პრობლემა არც "გუშინ" და არც "რუსეთის პროვოკაციის შედეგად არ წარმოქმნილა" და ასევე აღნიშნავს, რომ "საერთოეთნიკური ურთიერთობები ძალიან ფაქიზი რამეა".
"მან (სააკაშვილმა) განაცხადა: რა თქმა უნდა, ჩვენ ასეც მოვიქცევით. და რა? რა გაკეთდა სინამდვილეში? ყველაფერი პირიქით", _ განაცხადა პუტინმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობდა მოლაპარაკება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვი არ ჩაერევა აჭარაში მიმდინარე ამბებში, იქ არსებული რუსული სამხედრო ბაზის მიუხედავად.
"ჩვენ არც ჩავრეულვართ. მან (სააკაშვილმა) მერე მითხრა: "თქვენ მართლაც შეასრულეთ სიტყვა", _ განაცხადა პუტინმა.
ამავე დროს, მიღწეული იყო შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ აჭარაში რუსული სამხედრო ბაზის ადგილზე კონტრტერორისტული ცენტრი უნდა შექმნილიყო. "და სად არის ეს ყველაფერი?" _ კითხულობს პუტინი.
"კარგი რა, დიდი ამბავი ჰალსტუხი, ადამიანი ნერვიულობდა და არაფერი საშიში აქ არ არის. ხდება ხოლმე. ყველას შეიძლება დაემართოს. მე ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ. მაგრამ რაც მე გითხარით, სრული სიმართლეა და მე აც ერთი სიტყვა არ დამიმატებია. რანაირად უნდა მოველაპარაკოთ მას? რაზე?" _აცხადებს პუტინი.