"დემოკრატიული მოძრაობის" მიერ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო რეპრესიებისა და ზეწოლის ახალი ტალღა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა იმ პირზე ვინც ბოლო პერიოდში პარტიის ანგარიშზე საწევრო ან შემოწირულობა შეიტანა, პოლიციის თანამშრომლები ახორციელებენ ზეწოლას, აკითხავენ სახლებში, მიყავთ განყოფილებაში, შემდეგ უკანონოდ იბარებენ კონტროლის პალატაში.
"ამ ადამიანებს შანტაჟისა და ზეწოლის გზით აიძულებენ ხელისუფლებისთვის მომგებიანი განცხადებების გაკეთებას, ვითომდა, ამ პირებს ვინმე აძლევს ფულს და აიძულებს პარტიის ანგარიშზე ჩარიცხვას. ამის დადასტურება იყო 6 მარტს ხელისუფლების კონტროლირებად ტელევიზიებში გასული სიუჟეტები. პრეზიდენტის პარლამენტში საჯარო გამოსვლის ანალოგიურად, აღნიშნული სიუჟეტები არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას. სწორედ ამ შანტაჟისა და ინდივიდუალური ზეწოლის მიზნით იქნა მიღებული ცვლილებები საქართველოს ორგანულ კანონში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ", რასაც ჩვენ პირველივე დღეებიდან დიდა ვაპროტესტებდით", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, კონტროლის პალატა საბიუჯეოტო სახსრების ხარჯვის შემოწმების ნაცვლად, რაც მისი უპირველესი მოვალეობაა პოლიტიკური შეკვეთის შემსრულებელი გახდა.
"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანს, წინასაარჩევნო პერიოდში არსებული ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების საბოლოო განადგურება წარმოადგენს", - განაცხადა ბურჯანაძემ.
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ განცხადებით, რეჟიმის ყველა ქმედება მოწმობს, რომ ხელისუფლება არ აპირებს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას.
"სააკაშვილის რეჟიმი და არამხოლოდ იგი მუდმივად ცდილობს ჩვენი პოლიტიკური ძალის მარგინალიზაციას და პოლიტიკური ველიდან განდევნას, ჩვენ ვიცით, რომ რაც უფრო მოახლოვდა არჩევნები მით უფრო მეტად გაძლიერდება ხელისუფლების ტერორი ჩვენს მიმართ, რათა არ დაუშვან პარტიის მონაწილეობა არჩევნებში. მიუხედავად ამისა "დემოკრატიული მოძრაობა" აგრძელებს ბრძოლას ქვეყანაში რეალურად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების მოსაპოვებლად და მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინონ ხელისუფლების მორიგ ავტორიტარულ ქმედებებზე. ასევე მივმართავთ ყველა რეალურად ოპოზიციურ ძალას და დამოუკიდებენ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევცვალოთ დრაკონული კანონმდებლობა და ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ვუზრუნველყოთ", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.