"სახალხო კრების" ლიდერი ნონა გაფრინდაშვილი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, "სახალხო კრებასა" და "ქართულ აკადემიასთან" გამართული შეხვედრის სრული ჩანაწერი გამოაქვეყნოს. როგორც გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ნინო ბურჯანაძის მიმართ "სახალხო კრების" წარმომადგენლების მხრიდან საპასუხო განცხადებები გაკეთდა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, თუმცა კრების ეს პოზიცია ვიდეოჩანაწერში, რომელიც ივანიშვილის პრესსამდივნომ გამოაქვეყნა, არ ჩანს.
"შეხვედრის შემოთავაზება ივანიშვილის მხრიდან მოვიდა, თუმცა ჩავთვალოთ, რომ შეხვედრის სურვილი ორივე მხრიდან იყო. შემოთავაზება რომ მივიღეთ, არც ვიცოდით, შეხვედრის ფორმატი როგორი იქნებოდა. ჩემთვის მოულოდნელი იყო, ივანიშვილის საიტზე რაც დაიდო. ჩვენ ვიყავით 2 საათსა და 40 წუთს. იქ არ ჩანს ჩვენი პოზიცია, რომელიც ბურჯანაძის თემასთან დაკავშირებით გამოვთქვით შეხვედრაზე. მათ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს მხოლოდ ერთი წინადადება, რომელიც მხოლოდ მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებდით. ჩვენ ვართ ერთი ცოცხალი ორგანიზმი. ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა ნინო ბურჯანაძის მიმართ განაცხადა, ჩვენ ამას არ ვიზიარებთ, რადგან ისიც ისეთივე გმირია, როგორც სხვა 26 მაისს მდგარი ადამიანები", - განაცხადა გაფრინდაშვილმა.
მისი თქმით, ნინო ბურჯანაძეს, თემურ შაშიაშვილს და "სახალხო კრებას" ერთი აზრი და მიზანი აქვთ, რომ როგორმე მოიშორონ ეს ხელისუფლება და ერთმანეთისგან გამიჯვნას არ აპირებენ ამ მიზნის მიღწევის პროცესში.