ვიცე-პრემიერმინისტრი გიორგი ბარამიძე აშშ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიწვევით ტუნისში იმყოფება, სადაც პროგრამა "ამომავალი ვარსკვლავის" ფარგლებში ტუნისის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს წარმატებული დემოკრატიული რეფორმების გამოცდილებას უზიარებს.
ბარამიძემ პროგრამაში მონაწილეებს გააცნო საქართველოში ანტიკორუფციული, პოლიციის, სასამართლო, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში წარმატებით მიმდინარე რეფორმები და მათი განხორციელების მეთოდებსა და საშუალებებზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციასა და ამ მხრივ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობაზე. ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე,როგორც ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვან წინაპირობაზე.
მსოფლიოში აღიარებულია, რომ საქართველო წარმატებული დემოკრატიული და ეკონომიკური გარდაქმნის მაგალითად იქცა და მისი გამოცდილების გაზიარება და გამოყენება პრაქტიკული თვალსაზრისით საინტერესო და მნიშვნელოვანია მრავალი ქვეყნისთვის, როგორც რეგიონში, ასევე მის მიღმაც. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველო, როგორც ანტიკორუფციული გარდაქმნის ერთგვარი მოდელი აკადემიური წრეების შესწავლის სფერო ხდება.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) არაკომერციული, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომელიც მთელ მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო ინსტიტუტების, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების, დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის განვითარების მეშვეობით.