თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა კონსტანტინე მატვეევისა და ბიძინა ელიზბარაშვილის მიმართ.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს"თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეს-სამსახურიდან აცნობეს, მათ ბრალად ედებოდათ ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
საქმის მასალების მიხედვით: 2011 წლის ზაფხულში კონსტანტინე მატვეევი ბიძაშვილთან - ბიძინა ელიზბარაშვილთან ერთად ქ. თბილისში მდებარე სხვადასხვა საცხოვრებელ სახლებში აწარმოებდა სარემონტო სამუშაოებს. სამუშაოების შესრულებისას ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და მიისაკუთრეს შემდეგი ნივთები: 10 ცალი ვერცხლის ჭიქა, ვერცხლის ჭიქა თეფშთან ერთად, ვერცხლის საჩაიე და ჭადრაკის ფიგურები. მათ მოპარული ნივთების რელიზაციით მიიღეს სულ 379 ლარის შემოსავალი, რითაც დაზარალებულებს მიადგათ 3300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2011 წლის ზაფხულშივე, კონსტანტინე მატვეევმა, ასევე სარემონტო სამუშაოების შესრულებისას მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა 2 ცალი მოოქროვილი კოვზი.
აღნიშნული ქონების გასხვისებით, მან მიიღო 80 ლარის შემოსავალი, რითაც დაზარალებულს მიადგა 300 ლარის ოდენობის ზიანი.
ღია სასამართლო სხდომაზე, საქმის არსებითი განხილვისას, კოსტანტინე მატვეევმა და ბიძინა ელიზბარაშვილმა სრულად აღიარეს ჩადენილი დანაშაული. გარდა აღიარებითი ჩვენებისა მათ მიმართ წარდგენილი ბრალი დადასტურებულ იქნა: დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ჩხრეკის ოქმებით, ამოღებული ნივთებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დამტკიცებულ იქნა ბრალის აღიარების საფუძველზე მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულ კონსტანტინე მატვეევს, სასჯელთა შეკრების საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ შეეფარდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი ჩაეთვლა პირობით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 10000 (ათიათასი) ლარის ოდენობით. ხოლო, ბიძინა ელიზბარაშვილს სასჯელთა შეკრების საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ შეეფარდა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი ჩაეთვლა პირობით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 10000 (ათიათასი) ლარის ოდენობით.