საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დასასრულს აზერბაიჯანულ-ქართული მეგობრობის ყველაზე ლამაზი ძეგლი ყურბან საიდის ცნობილი რომანი „ალი და ნინო" ახსენა.
"თუ ნებას დამრთავთ ვიყო პოეტური, ვიტყვი, რომ ეს სიყვარულივითაა: არ შეიძლება გიყვარდეს ვიღაც იმიტომ, რომ გძულს სხვა. შენ უბრალოდ გიყვარს.
არ შემიძლია არ ვახსენო სიყვარულის, უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, აზერბაიჯანულ-ქართული მეგობრობის ყველაზე ლამაზი ძეგლი ყურბან საიდის ცნობილი რომანი „ალი და ნინო", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ შარშან საქართველოში უნიკალური მოძრავი ქანდაკება „ალი და ნინო" გაიხსნა.
"ეს სიყვარულის, თავისუფლებისა და კავკასიის ჰიმნი მთელ საქართველოში გავრცელდა.
ნინო ჭავჭავაძის შთამომავალთან, ნინო ყიფიანთან აზერბაიჯანელი დიდგვაროვნის შვილიშვილის ალი ხან შირვანშირის, სიყვარულის ისტორია, რომელმაც მეფის გენერალი ციციანოვი მოკლა, უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ლამაზი დრამა და ის ასახავს კავკასიის წარსულს, აწმყოსა და მომავალს.
მიუხედავად მათი განსხვავებული ბედისწერისა და წარმომავლობისა, მათ აერთიანებთ სიყვარული ერთმანეთისა და თავისუფლებისადმი. წიგნს ტრაგიკული დასასრული აქვს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და განაგრძო: როგორც იცით, ალი სიცოცხლეს გამოასალმეს ბოლშევიკებმა, რომლებიც აზერბაიჯანში შეიჭრნენ.
მისი საუკეთესო მეგობარი, ილიას ბექი წერს: „ალი ხან შირვანშირი დაიღუპა ხუთ საათსა და თხუთმეტ წუთზე განჯის ხიდზე, გამთენიისას, რუსების შემოტევამდე ცოტა ხნით ადრე. ჩვენ იგი მეჩეთის ეზოში დავკრძალეთ. ჩვენი რესპუბლიკაც ისე დაიღუპა, როგორც ალი ხან შირვანშირი".
"ჩემო აზერბაიჯანელო დებო და ძმებო, რისი გაკეთებაც დღეს ერთად შეგვიძლია არის ის, რომ ხელახლა დავწეროთ „ალის და ნინოს" დასასრული. ჩვენ შეგვიძლია ტრაგიკული წარსული ბედნიერ დასასრულად ვაქციოთ. ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ უზრუნველვყოფთ კიდეც იმას, რომ ალის და ნინოს სიყვარული უცხოელმა დამპყრობლებმა არასდროს აღარ გათელონ. ჩვენ შეგვიძლია და უზრუნველვყოფთ კიდეც იმას, რომ დღევანდელმა და ხვალინდელმა ალიმ და ნინომ იცხოვრონ თავისუფალ, ბედნიერ, წარმატებულ ქვეყნებში, დატკბნენ საკუთარი სიყვარულითა და თავისუფლებით, შორს ომისგან, ყოველგვარი ზემოქმედებისა და დაქსაქსვისგან. ეს შესაძლებელია და ეს აუცილებლად მოხდება. ერთხელ აწეული დროშა აღარასდროს ჩამოვარდება!", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.