"დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ალიანსის სიძლიერე ეს დიდწილად ჩემი ძალიან ახლო მეგობრის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხედულებებისა და ხელმძღვანელობის დამსახურებაა", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ის , რომ დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ალიანსი არის ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს, ეს დიდწილად პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხედულებებისა და ხელმძღვანელობის დამსახურებაა, ასევე იმის, რომ ჩვენი ორი მთავრობა რეგიონის მომავალს იდენტურად ხედავს.
"ჩვენ გვსურს, რომ უახლოეს წლებში ეს კავშირი კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავწიოთ. გუშინ ის კონკრეტული და შთამბეჭდავი პროექტები განვიხილეთ, რომლებიც თანაბარ სარგებელს მოუტანს ჩვენს ერებს.
ჩვენ ვახორციელებთ ახალ ენერგეტიკულ პროექტს, ვაშენებთ ახალ რკინიგზას, ასევე შევთანხმდით ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით საერთო განაცხადი შევიტანოთ... სხვა ბევრი საერთო პროექტიც გვაქვს", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს - "არავინ უნდა იდარდოს ამის თაობაზე, ჩვენი ალიანსი ვინმეს წინააღმდეგ მიმართული არ არის".