ჩვენს ქვეყნებს მხოლოდ პოლიტიკური მოკავშირეობა არ აერთიანებს, ჩვენი ურთიერთობა არც მხოლოდ საერთო საფრთხეს ეფუძნება. მისი ფესვები ბევრად უფრო ღრმაა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის მილი მეჯლისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მისი კულტურების, ენების, სამზარეულოსა და, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენი სულების ურთიერთთავსებადობა იყო მუდმივი და რჩება დღესაც", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა გაიხსენა აზერბაიჯანის კულტურის მოღვაწეები, რომლებსაც საქართველოსთან რაიმე კავშირი ჰქონდათ. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მე-12 საუკუნის უდიდესი აზერბაიჯანელმა პოეტი, ნიზამი განჯელი საოცარი სიტყვებით ამკობდა საქართველოს.
"ამ დროის მეორე გენიოსი და თქვენი კულტურის მარგალიტი, ხაგანი, თავისი პოეზიის ზოგიერთ ლექსში ქართულ სიტყვებსაც კი იყენებდა. აშუღური პოეზიის მწვერვალი - ვიდადი თავისი შედევრების უმეტესობას ქმნიდა იმ დროს, როდესაც ერეკლე მეფის კარზე მოღვაწეობდა. სახელგანთქმულ აზერბაიჯანელ მუსიკოსებს შორის მრავალს ძალიან ძლიერი კავშირი ჰქონდა საქართველოსთან. უზეირ ხაჯიბეკოვით დაწყებული, რომელიც გორში სწავლობდა და რაშიდ ბეიბუთოვით დამთავრებული, რომელიც თბილისში იყო დაბადებული", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ცარიზმის ოკუპაციის დროს თბილისი აზერბაიჯანული კულტურის და აზერბაიჯანული ინტელექტუალური ცხოვრების აქტიური ცენტრი იყო.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, გრიგოლ ერისთავის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის მეგობარი მირხა ფათალი ახუდოვი, რომელსაც ცხოვრების თითქმის ნახევარი თბილისში გაატარა, ქართულ-აზერბაიჯანული ინტელექტუალური ცხოვრების ცენტრალური ფიგურაც იყო.
"აგრეთვე, თბილისში დაფუძნდა პირველი აზერბაიჯანულენოვანი ჟურნალი "Sharqi Rus". ამას გარდა, თბილისში 11 წლის განმავლობაში გამოსცემდნენ მთელი იმდროინდელი აღმოსავლეთის ყველაზე ცნობილ და პროგრესულ ჟურნალს „მოლა ნასრედინი". მას აზერბაიჯანის ისეთი დიდებული შვილი გამოსცემდა, როგორიც იყო ჯალილ მამედ-გული-ზადე", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.