ახლა 2012 წელია და ყველამ უნდა გაითავისოს, რომ 2012 წელს საბჭოთა კავშირის გვამის გაცოცხლების მცდელობები კრახისთვის არის განწირული. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საბჭოთა კავშირში გარედან არავინ არ შემოჭრილა და ის ამ გზით არ განადგურებულა.
"საბჭოთა კავშირი შიგნიდან ჩამოიშალა, რადგან ხალხს მისი გაძლება აღარ შეეძლო, რადგან ის ცდილობდა ისტორიული კურსის სვლა შეეჩერებინა. აზერბაიჯანი და საქართველო, ისევე როგორც ბევრი სხვა დატყვევებული ქვეყანა, კვლავ გათავისუფლდა. ეს იყო ტურბულენტური და ქაოტური მომენტები და ჩვენ ორივემ საკმარისზე მეტი ომი, ტრაგედია, იმედგაცრუება და დრამა გამოვიარეთ. მაგრამ ჩვენ დღეს იმაზე თავისუფლად და მყარად ვდგავართ ფეხზე, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ამჯერად, უკან დასაბრუნებელი გზა არ იქნება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველომაც და აზერბაიჯანმაც შექმნა ისეთი სახელმწიფოებრიობა, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია და ისინი თავისუფალი ერების მსოფლიო საზოგადოებაში გაერთიანდნენ; შექმნეს ალიანსები და პარტნიორობები, რომლებიც დაიცავენ მათ დამოუკიდებლობას.