"ზოგიერთმა ნოსტალგიურად განწყობილმა ლიდერმა მოსკოვში ახალი - ძველი იდეა წარმოადგინა - ევრაზიული კავშირის შექმნის იდეა", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის პარლამენტში რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის იდეაზე - ევრაზიული კავშირის შექმნაზე საუბრისას.
"მოდით ნუ შევცდებით. სახელი ოდნავ შეიცვალა, მაგრამ შინაარსი მთლიანად უცვლელია", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ისტორიის განმავლობაში ამ პროექტს ბევრი სახელი ჰქონდა: საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, შეზღუდული სუვერენიტეტის დოქტრინა, გავლენის სფეროების პოლიტიკა, ან, როგორც მას ახლა პროკრემლის კომენტატორებმა უწოდეს -„მიწების შეგროვება", რითაც ცდილობენ ააღორძინონ ცარიზმის დროინდელი, ყველაზე იმპერიალისტური ტერმინოლოგია.
"ამ კავშირს მრავალი სახელი აქვს, მაგრამ - მხოლოდ ერთი მნიშვნელობა: ჩვენთვის, რუსეთის ფედერაციის მეზობლებისთვის, ეს არის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის, რასულ ზადესა და ჩვენი წინაპრების ოცნების დასასრული. ეს პროექტი ვერ და არ იქნება წარმატებული. რადგან ხალხი არ დათმობს თავისუფლებას, ერები არ დათმობენ დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებიკი - საკუთარი გზის არჩევის უფლებას", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერებსაც მოუწევთ ამის გაგება.
"საბოლოოდ, ისინი მივლენ ამ ნათელ მოსაზრებამდე: უკეთესია გყავდეს ძლიერი მეზობლები, ვიდრე არასტაბილური ვასალები; უკეთესია გარშემორტყმული იყო ბედნიერი და ამაყი ერებით, ვიდრე შურისძიებაზე მეოცნებე იმედგაცრუებული ხალხით; უკეთესია გყავდეს პარტნიორები, ვიდრე - მტრები", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის პარლამენტში.