"აზერბაიჯანის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა თბილისში 1918 წლის 28 მაისს გამოცხადდა. ჩვენ, საქართველოში, ასე ცხადად იმიტომ გვახსოვს აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკა, რომ ჩვენი ქვეყნები ალალი დებივით იყვნენ, რომლებიც უპრეცედენტოდ ცდილობდნენ კავკასიაში თანამედროვე, დემოკრატიული, დასავლეთზე ორიენტირებული სახელმწიფოები და საზოგადოებები აეშენებინათ", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ისეთი იყო, რომ ერთის დაღუპვა, ლოგიკურად, მეორის დაშლას ნიშნავდა და როდესაც აზერბაიჯანი დაეცა, საქართველომ ვერ შეძლო ეარსება წელიწადზე მეტ ხანს.
"მთელი მსოფლიო განზე გამდგარი ადევნებდა თვალს, როგორ ხოცავდნენ ჩვენი ხალხების უმამაცეს წარმომადგენლებს. 20 000-მა თქვენმა თანამემამულემ სიცოცხლე გაწირა დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში და მინდა, პატივი მივაგო მათ ხსოვნას და ასევე, მათი ქართველი თანამებრძოლების ხსოვნას", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ასეთი იყო განჯის სამხედრო სასწავლებლის დირექტორი, გენერალი აბელ მაყაშვილი, რომელიც ბოლშევიკებმა კასპიის ზღვაში დაახრჩვეს.
"იმპერიამ საპასუხო დარტყმა მოგვაყენა, მაგრამ ყველაზე სასტიკ რეპრესიებსაც კი არ შეეძლო ჩაეკლა ჩვენი ოცნება თავისუფლებაზე. ეს ოცნება როდესმე უნდა ასრულებულიყო და 70 წლის შემდეგ ასეც მოხდა. როგორც მამედ ემინ რასულზადემ, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პირველმა თავმჯდომარემ თქვა ერთხელ აღმართული დროშა აღარასოდეს დაეცემა! მათ ოცნებას დევნილობის ხანგრძლივი, ტკივილიანი გზა უნდა გამოევლო", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველებმა, აზერბაიჯანელებმა და ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე ლიდერმა ძალები პარიზში, ვარშავასა და სტამბოლში გააერთიანეს.
"ისეთმა ადამიანებმა, როგორებიც იყვნენ მამად ემინ რასულ ზადე, ჯეიჰუნ ჰადჯიბეილი, მუსტაფა ვექილი, მარდანბეი ტოპჩიბაშევი, აკაკი ჩხენკელთან, ნოე რამიშვილთან, სპირიდონ კედიასთან და კავკასიის მთიელი ხალხების საუკეთესო შვილებთან ერთად, როგორებიც იყვნენ ჰაიდარ ბამატი და აბდულ-მაჯიდ ჩერმოევი, კავკასიის დამოუკიდებლობის კომიტეტი დააარსეს, რომელიც მოგვიანებით კავკასიის კონფედერაციის საბჭოდ გადაკეთდა და თორმეტი წევრისგან შედგებოდა - თითო ერს ოთხი წევრი წარმოადგენდა", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.