ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში მოინახულა.
როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ბარაკ ობამა აშშ-ში, ბეთესდაში მდებარე ვალტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრს სადაც ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში რეაბილიტაციის კურსს გადის 2 მარტს ესტუმრა. ამერიკის პრეზიდენტი ქართველ სამხედრო მოსამსახურეს ესაუბრა. ვიზიტის დროს ალექსანდრე ტუღუშთან მისი ბიძაშვილი ალექსი გოგრიჭიანი იმყოფებოდა. შეხვედრა ფოტოზე აღბეჭდა თეთრი სახლის ფოტოგრაფმა პიტ სუზამ.
აშშ-ს პრეზიდენტამდე ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოინახულა და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობდა.