პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიგი წერეთლის განცხადებით, რუსული საზოგადოების დიდი ნაწილი ვლადიმერ პუტინს არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს.
მისი შეფასებთ, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები დიდი დარღვევებით ჩატარდა, რაც პუტინის ლეგიტიმურობას დაღს აჩნევს.
რაც შეეხება ამერიკელი სენატორის ჯონ მაკეინის ვარაუდს, რომ რუსეთში "არაბული გაზაფხულია" მოსალოდნელი, წერეთელს მიაჩნია, რომ მოვლენები იმ ტემპით ვერ განვითარდება, რა ტემპიც არაბულ სამყაროში იყო.
"რუსეთში განსხვავებული საზოგადოებაა. თუმცა ის ცეცხლი, რომელიც ახლა ღვივდება, კიდევ უფრო გაძლიერდება", - მიაჩნია ვიცე-სპიკერს.
მისი შეფასებით, პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ საქართველოსთან მიმართებაში მისი პოლიტიკა უცვლელი დარჩება და ეცდება, რომ "მიღწეული" შეინარჩუნოს.
"თუმცა ღია აგრესიას ვერ გაბედავს, რადგან მათ ამისთვის 2008 წელს გაკვეთილი უკვე მიიღეს", - აცხადებს წერეთელი.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს "თაღლითობა" უწოდა და აღნიშნა, რომ "არაბული გაზაფხული" რუსეთში უკვე დადგა და ის აუცილებლად გაგრძელდება.