საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე იმ ინციატივების შესახებ ისაუბრა, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან ყოველწლიური მოხსენებისას გააჟღერა.
მანჯგალაძის თქმით, ეს ინიციატივები ეხმაურება რამდენიმე სერიოზულ გამოწვევას და პირველ რიგში დასაქმების პრობლემას.
"ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზული პროექტებია. საუბარია ინვესტიციების შემოსვლაზე, ახალი ჰესების მშენებლობაზე, ახალი კლინიკების მშენებლობაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. თითოეულ ამ სექტორში ჯამურად დასაქმებულია რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი, ხოლო თითოეული ჰესის მშენებლობაზე 13 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდება", - განაცხადა მანჯგალაძემ
მისივე თქმით, ერთ-ერთი გამოწვევა არის ასევე დემოგრაფიული საკითხი და ამ მიმართულებითაც პრეზიდენტის მხრიდან საკმაოდ საინტერესო ინიციატივები წამოიჭრა. ყოველ მესამე ბავშვზე თითოეული ოჯახი 1000 ლარს მიიღებს, მეოთხეზე კი 2 ათას ლარს. პრეს-სპიკერის ინფორმაციით დღევანდელი დემოგრაფიული სტატისტიკის მიმართულებით ამ პროექტის ჯამური ღირებულება 15-20 მილიონ ლარს შეადგენს.
"ბოლო წლების განმავლობაში დემოგრაფიული მაჩვენებელი გაუმჯობესდა და საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება რაც მხოლოდ და მხოლოდ სასიხარულოა. ამ ტენდენციის შენარჩუნებისთვის ეს ინიციატივა საკმაოდ მნიშვნელოვანია. აქვე მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის მეორე ნაწილი სადაც საუბარია, რომ 2013 წლის 1 იანვრიდან ყველა მრავალშვილიანი ოჯახი სადაც 4 და მეტი შვილის 18 წლის ასაკამდე, სახელმწიფო დაზღვევის სრულფასოვან პაკეტს მიიღებს" 0 განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, სამედიცინო სფერო ასევე პრიორიტეტებს შორის არის. მანჯგალაძის განცხადებით, 2012 წლიდან ყოველი მეორე მოქალაქე დაზღვეული იქნება და ეს რიცხვი 2 მილიონ ნახევარ ადამიანს შეადგენს.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ყოველწლიური მოხსენებისას ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო განათლების სფეროსაც.
"უნდა აღინიშნოს ბათუმში მშენებარე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტი. გაიხსნება 23 ახალი სკოლა და გარემონტდება 600 სასწავლებლები, გაიზრდება პედაგოგების ხელფასები, გაგრძელდება სკოლების კომპიუტერიზაცია და ახალი ტექნოლოგიების შეყვანა. ლაბორატორიებით აღჭურვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროფესიულ სწავლებას და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დახმარება არის გათვალისწინებული" - განაცხადა მანჯგალაძემ.
მან ასევე ისაუბრა პრეზიდენტის ინიციატივებზე, რომელიც ეხება სოფლის მეურნეობის სექტორს. მანჯგალაძის თქმით, წელს გაიხსნება 12 მექანიზაციის ცენტრი და 1 ივნისიდან ეს ცენტები ჯამში 563 ერთეული ტრაქტორით 50 ერთეული კომბაინით და 1464 ერთეული გუთნით აღიჭურვება.
"ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნება თითოეული გლეხისთვის და ფერმერისთვის", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.