საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს პარლამენტში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონს კიდევ ერთხელ განუმარტავენ. როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აღნიშნა, აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაცებს კანონთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ.
ბაქრაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს დაავალა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრა მიმდინარე კვირას გამართოს.
მისი თქმით, პირველ რიგში ის საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა იყვნენ მიწვეული, რომლებმაც კანონთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვის ნიშნების გამო პარტიებთან თანამშრომლობა დროებით შეჩერეს.
ბაქრაძის გამოსვლას "ქრისტიან-დემოკრატი" ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ პოლიტიკურმა პარტიებმა იზარალეს.
"ჩვენ მივესალმებით, თუ ეს ახლა მაინც გამოსწორდება, თუმცა ამის გაკეთება ორი თვის წინაც შეიძლებოდა", - განაცხადა ვეფხვაძემ.