სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას ეკლესიის ავტოკეფალიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პატრიარქის განცხადებით, ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, საქართველოს ეროვნული არაფერი ექნებოდა.
"ჩვენ ამაზე ყოველდღიურად უნდა ვიფიქროთ და უნდა დავფიქრდეთ ასევე, არა მხოლოდ საქართველო რას მოგვცემს ჩვენ, არამედ ჩვენ რას ვაკეთებთ მისთვის. ვფიქრობ, როგორც უფალი, სამშობლო, ერთია ქვეყანაზედა. დადგება ჩვენთვისაც ბედნიერი დღე, როდესაც უცხოეთში წასული ქართველები დაბრუნდებიან, აფხაზეთი და სამაჩაბლო დაბრუნდება, იქნება ერთი სამწყსო და უფალი ჩვენი იესო ქრისტე იქნება ერთი მწყემსი", - ბრძანა პატრიარქმა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ანტიოქიის საეკლესიო კრებამ საქართველოს ეკლესიას თავისუფლება და ავტოკეფალია V საუკუნეში მიანიჭა, რასაც წლების განმავლობაში კონსტანტინოპოლი ვერ ურიგდებოდა.
"კონსტანტინოპოლს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ავტოკეფალია უნდა მიანიჭოს მსოფლიო საეკლესიო კრებამ ან მსოფლიო პატრიარქმა. ეს გაუგებრობა 1500 წელი გრძელდებოდა. გვქონდა რამდენიმე შეხვედრაც, თუმცა, ერთსულოვნებას ვერ მივაღწიეთ. ისინი ასევე გვთავაზობდნენ, მირონი არა საქართველოში მოგვეხარშა და გვეკურთხებინა, არამედ მათგან წამოგვეღო, რასაც არ დავთანხმდით. შეთანხმებაში დღემდე ისეა ეს საკითხი ჩაწერილი, რომ კაცი თავს და ბოლოს ვერ გაიგებს - მირონი დარჩეს ტრადიციების მიხედვით. რა იგულისხმება ამ ტრადიციებში, არავინ იცის. უთანხმოების გამო მე მათ ვუთხარი, 1500 წელი ვყოფილვართ უთქვენოდ და ახლაც ვიქნებით-მეთქი, თუმცა, გამგზავრებამდე, ტრაპის წინ მდგარმა კონსტანტინეპოლის პატრიარქმა დამირეკა და გადაწყვეტილება შეცვალა. მათ ცნეს ჩვენი ავტოკეფალიაც და პატრიარქის წოდებაც", - აღნიშნა უწმინდესმა.