13 იანვრიდან "კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის" მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად იწყებს აქციას "მშვიდობის ექსპრესი", რომლის მიზანია მშვიდობის პროპაგანდა და კომპაქტურ პუნქტებში მცხოვრები დევნილი ბავშვების მხარდაჭერა.
"მშვიდობის ექსპრესი" მოივლის დევნილთა კომპაქტურ ცენტრებს სამეგრელოში, იმერეთში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში. აქციის ფარგლებში ბავშვებისთვის ნაჩვენები იქნება ქართული მულტიპლიკაციური ფილმები, მოეწყობა კარაოკე კონკურსები, აქციები "ჩვენ ვხატავთ მშვიდობას" და "მშვიდობის გზავნილი" საჰაერო ბუშტებით ენგურის ხიდთან და ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთთან. თოვლის პაპა ბავშვებს გადასცემს საახალწლო საჩუქრებს, ხოლო ამერიკული ორგანიზაცია "ქაუნტერფართის" მხარდაჭერით, დევნილებს გადაეცემათ ტანსაცმელი.
აქციის მხარდამჭერები არიან ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", "ქაუნთერფართ ინტერნეიშენალი", "მშვიდობის სახლი", სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, აფხაზეთის მთავრობა, ტურისტული კომპანია "თებულოტური", საქართველოს პროფკავშირების შემომქმედთა კავშირი.
‘მშვიდობის ექსპრესი" სტარტს აიღებს 09:00 საათზე ვარდების მოედანზე, სადაც აქციის "ჩვენ ვხატავთ" მშვიდობას" ფარგლებში დევნილი ბავშვები მშვიდობის გზავნილებს დახატავენ. ვარდების მოედნიდან "მშვიდობის ექსპრესი" გაემგზავრება ქვემო ქართლში. აქცია დასრულდება 17 იანვარს გორში, სადაც 17:00 საათზე მოედანზე, თეატრის წინ, გაიმართება კონცერტი.
აქციის მარშრუტი შემდეგია: 13 იანვარი: გარდაბანი, კოდა, შაუმიანი; 15 იანვარი: წყალტუბო, ზუგდიდი; 16 იანვარი: წინამძღვრიანთკარი, საგურამო, წილკანი; 17 იანვარი: გორი.