„ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში დაბრუნებით რუსეთის პოლიტიკა საქართველოსა და კავკასიის მიმართ არ შეიცვლება", - აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენის" ანალიტიკოსი გიორგი მოლოდინი.
მოლოდინი მიიჩნევს, რომ რუსული პოლიტიკური არსის ცვლილება არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე ძნელად წარმოსადგენია.
„ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ძნელად წარმოსადგენია რუსული პოლიტიკური არსის ცვლილება ზოგადად კავკასიისა და კონკრეტულად საქართველოს მიმართ. სანამ რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების წინაშე დგას ისეთი გეოპოლიტიკური ტიპის გამოწვევები როგორიცაა: 1. ტერიტორიული სეპარატიზმი ჩრდილოეთ კავკასიაში, 2. დასავლეთის ინტერესების შეკავება შუა და ახლო აღმოსავლეთში, 3. სამხრეთ კავკასიური ალტერნატიული ენერგოდერეფანი, როგორც შავი ხვრელი - საქართველოს არცერთი ხელისუფლებისთვის პუტინის ხელისუფლებას არ ექნება მომხიბვლელი და მით უფრო კეთილი ჟესტების გაკეთების სურვილი", - აცხადებს მოლოდინი.
მოლოდინის თქმით, რუსეთის ინტერესებში კვლავაც დარჩება საქართველოს დაბრუნება რუსული გავლენის ქვეშ.
„მაქსიმუმ რასაც შესაძლებელია ველოდოთ იქნება შეთავაზება ნებაყოფლობით შესვლაზე ისეთი ტიპის გაერთიანებებსა და თუ კავშირებში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს დაბრუნება რუსულ პოლიტიკურ ფარვატერში", - განმარტავს მოლოდინი.