რუსეთში დღეს "სიჩუმის დღეა" გამოცხადებული, ხვალ,4 მარტს, საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. "სიჩუმის დღე" ზუსტად შუაღამისას დაიწყო. ამ დღეს კანონით ყველა აგიტაცია აკრძალულია. ასეთი დღეები სხვა და სხვა ქვეყნის კანომდებლობითაა განსაზღვრული იმიტომ, რომ ხმის მიცემის წინ ამომრჩეველმა გააზრებული არჩევანის გაკეთება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე შეძლოს.
რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს ხვალ 6 წლის ვადით აირჩევენ. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტის სავარძლისათვის იბრძვიან: რუსეთის პრემიერ- მინისტრი ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმერ ჟირონოვსკი, რუსეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე გენადი ზიუგანოვი, პარტია "სპრავედლივაია როსიას" კანდიდატი სერგეი მირონოვი და ბიზნესმენი მიხაილ პროხოროვი.
რუსეთის პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანია 2011 წლის 26 ნოემბერს დაიწყო. ექსპერტების აზრით ეს წინასაარჩევნო კამპანია ერთ ერთი ყველა ძლიერი და საინტერესო იყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
თითქმის ერთი თვის განმავლობაში ფედერალურ არხებზე "როსია1", "როსია 24", "პერვიი კანალ", "ტვ ცენტრ-მოსკვა" მიმდინარეობდა სიტყვიერი პაექრობა კანდიდატებსა და მათ წარმომადგენლებს შორის. ამას გარდა, საპრეზიდენტო კამპანია ასევე მიმდინარეობდა რადიოსადგურების ეთერში, შუქდებოდა 12 გაზეთსა და 1 ჟურნალში.
რუსეთის ცესკომ უკვე გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად ისინი 100 % მზადყოფნაში არიან. მათივე განცხადებით, არჩევნების წინასწარი შედეგები 5 მარტს დილით იქნება ცნობილი. ოფიციალური შედეგი კი 10 დღეში გამოქვეყნდება. რუსული მედია ასევე აღნიშნავს, რომ პრაქტიკა ისეთია, რომ ცესკო არჩევნების შედეგების დათვლად 10 დღეს არ მოანდომებს და უფრო მოკლე ვადებში ჩაეტევა.
ყოველ შემთხვევაში არჩევნების საბოლოო შედეგი კანონის მიხედვით 14 მარტამდე უნდა გახდეს ცნობილი 17 მარტამდე კი ეს შედეგები ოფიციალურად უნდა გამოქვეყნდეს. 4 მარტს არჩეული პრეზიდენტი თავისი უფლება-მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად 7 მაისს შეუდგება.