საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილთან ბათუმის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგებთან განათლების სისტემაზე საუბრისას ყურადღება სკოლებში კვებასა და უსაფრთხოებაზედაც გაამახვილა.
"დღეს ბუფეტები სკოლებში ხშირ შემთხვევაში დირექტორის ძმაკაცებს აქვს გახსნილი. უნდა ვიცოდეთ, რას ჭამენ ჩვენი ბავშვები. ამისათვის უნდა შემოვიღოთ ერთიანი ლოტები. უნდა შემოვიყვანოთ დიდი კომპანიები, ან ეს პატარები გაერთიანდნენ. არავის არაფერს ვუშლით, ოღონდ სტანდარტები უნდა დააწესოს დიდმა. უნდა ვიცოდეთ, რას იღებს ბავშვი", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და ხაზგამით აღნიშნა, რომ ბავშვს არ უნდა ჰქონდეს შეხება ფულთან.
"ვმუშაობთ ბანკებთან. უნდა იყოს საკრედიტო ბარათები და მშობელმა უნდა იცოდეს _ ბავშვს რომ ატანს დილით 1 ლარს და 2 ლარს, ამ ფულით ბავშვი არ წავა და არ იყიდის სიგარეტს ან ღმერთმა არ ქნას ნარკოტიკს. სკოლის ბუფეტში მას ექნება თავისი ბარათი, სუბსიდირებული ნაწილობრივ სახელმწიფოს მიერ, იყიდის საკვებს და არ დარჩება მშიერი", _ განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ რაც შეეხება სკოლებში უსაფრთხოებას, სადაც არის სხვადასხვა კორპუსი, დაწყებითი კლასების ბავშვები და უფროსი ბავშვები უნდა იყვნენ ცალ-ცალკე.
"დღეს ბევრ სკოლას, ქალაებში მაინც, ამის საშუალება აქვს. უნდა იყოს უფრო დაცულობა პატარა ბავშვებისა და მეტი კონტროლი მოზრდილ ბავშვებზე", _ განაცხადა სააკაშვილმა.