საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი 28-29 აპრილს მართავს სტუდენტთა რესპუბლიკურ კონფერენციას თემაზე "კულტურა და დიპლომატია''.
კონფერენცია გაგრძელდება ორ დღეს და შედგება ფორმალური და არაფორმალური ნაწილისგან. არაფორმალური ნაწილი დაეთმობა გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციას, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, საზოგადოებას გააცნონ თავი და წარადგინონ თავიანთი უნივერსიტეტი. ფორმალურ ნაწილში სტუდენტები უშუალოდ წარადგენენ თავიანთ ნაშრომებს, რომელთა შეფასება ჟიურის მხრიდან მოხდება შემდეგი კრიტერიუმების დაცვით: თემის სიახლე, ანალიტიკური აზროვნება, საკითხის ძირეული ცოდნა, დისკუსიის კულტურა, თემის აქტუალურობა, სტილი.
პრეზენტაციის მაქსიმალური დროა 15 წუთი (კითხვა-პასუხის ჩათვლით).
კონფერენციის პირველი დღე გამოავლენს ფინალისტებს, რომლებიც მეორე ტურში ნაშრომებს სხვა კუთხით გააშუქებენ.
საკონფერენციო ნაშრომის თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2 აპრილი (თეზისის მოცულობა დაახლოებით 300-500 სიტყვა). კონფერენციაში საქართველოს თითოეული უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი იქნება მაქსიმუმ ორი სტუდენტი. რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები ორი დღის განმავლობაში უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლითა და კვებით. თითოეულ მონაწილე სტუდენტს გადაეცემა სამახსოვრო საჩუქრები და სერთიფიკატები. 3 გამარჯვებულს კი დამატებით - ფულადი პრემია.
კონფერენცია 29 აპრილს საზეიმო ვითარებაში დაიხურება.
კონფერენციის გამართვის ადგილი: თბილისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, კოსტავას 77. პროექტის მხარდამჭერები არიან სტუ-ის სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი; სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა.