საჰაერო ხომალდისთვის საშიშროების შექმნა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით „სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები პარლამენტმა დღეს, მესამე მოსმენით დაამტკიცა.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კოდექსს ახალი მუხლი „საჰაერო ხომალდისთვის საშიშიროების შექმნა" დაემატა, რომლის თანახმად, საჰაერო ხომალდისთვის განზრახ ცრუ ინფორმაციის გაცემა, რითიც მას ფრენის დროს საშიშროება ექმნება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ექვს წლამდე.
ასევე საჰაერო ხომალდზე მყოფი პირის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა ან ძალადობის მუქარა, რომელმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ისჯება თავისუფლების აღკევთით სამიდან რვა წლამდე, ხოლო სანავიგაციო დანადგარების დაზიანება ან განადგურება ან მათი ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან თორმეტ წლამდე.
ამასთან, საჰაერო ხომალდზე ისეთი მოწყობილობის ან ნივთის განთავსება ან განთავსების ხელშეწყობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საჰაერო ხომალდის განადგურება, დაზიანება ან მისი ტვირთის განადგურება და დაზიანება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან 15 წლამდე, ხოლო საჰაერო ხომალდის ან მისი ტვირთის განადგურება ან დაზიანება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 8-დან 15 წლამდე.
რაც შეეხებათ იურიდიულ პირებს, აღნიშნული ქმედებებისთვის ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით.