საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში 4 -დან 8 მარტის ჩათვლით შვედეთის სტატისტიკის სამსახურში დაგეგმილია საქსტატის თანამშრომელთა ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტი.
პროექტის ფარგლებში ეს რიგით მეორე სასწავლო ვიზიტია შვედეთში. სასწავლო ვიზიტი ეთმობა ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას და გულისხმობს საქსტატის თანამშრომელთა ტრენინგებს მონაცემთა დაცვაში, IT სისტემების გაუმჯობესებასა და PC-Axis-ის გამოყენებაში. ასევე შედგება SIV სისტემის პრეზენტაცია. სასწავლო ვიზიტი ჩატარდება შვედეთის სტატისტიკის როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონალურ ოფისებში.
სასწავლო ვიზიტის მსვლელობისას ასევე დაგეგმილია საქსტატის ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მისი შემდგომი განვითარება.
საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის 3-წლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა საქსტატს ტექნიკურ დახმარებას უწევს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგის და სხვა ძირითადი სტატისტიკური კომპონენტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარის ექვივალენტს შეადგენს შვედურ კრონებში და მთლიანად დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.