თბილისი აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის თერთმეტი ქვეყნის წარმომადგენელს მასპინძლობს. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, ევროკავშირის ,,მერების შეთანხმების" ინიციატივის ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის თერთმეტი ქვეყნის წარმომადგენელი თბილისში სემინარზე შეიკრიბება და განიხილავს მდგრადი ენერგოგანვითარების სამოქმედო გეგმებს.
ორი დღის განმავლობაში აღმოსავლეთ სამეზობლოს ექვსი (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა და ბელარუსი) და ხუთი ცენტრალური აზიის (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) ქვეყნების წარმომადგენელი განიხილავს მდგრად ენერგოგანვითარებაზე მიმართულ საქმიანობას და იმუშავებს სამუშაო გეგმების შედგენაზე.
შეგახსენებთ, რომ ,,მერების შეთანხმების" ინიციატივა ევროკომისიამ 2008 წელს წამოაყენა და ის გულისხმობს ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობას ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფასა და განახლებადი ენერგორესურსების გამოყენების ხელშეწყობაში. 2010 წლის აპრილში ,,მერების შეთანმებას" თბილისის მერმა გიგი უგულავამაც მოაწერა ხელი, ასე რომ 1200- ზე მეტ ევროპულ ქალაქთან ერთად, თბილისიც ამ შეთანხმების მონაწილეა.