საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რიგაში თავის ლატვიელ კოლეგას, ედგარ რინკევიჩს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს.
ვაშაძის თქმით, მან და მისმა კოლეგამ ისაუბრეს ლატვიაში საქართველოს პრეზიდენტის მომავალ ვიზიტსა და რიგაში გასამართ ბიზნესფორუმზეც. საუბარი ასევე შეეხო ნატო-სთან დაკავშირებულ საკითხებს და ჩიკაგოს სამიტის წინა პერიოდში მხარეთა პოზიციების კოორდინირებას.
"ჩვენ ლატვიელ კოლეგასთან შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ლატვიაში, რომელიც გაზაფხულზე შედგება. ამ ვიზიტს ჭირდებოდა მომზადება. შეთანხმება არის, რომ ოფიციალურ ვიზიტს დაემთხვევა ბიზნესფორუმი, სადაც ქართველ და ლატვიელ ბიზნესმენებს შესაძლებლობა მიეცემათ დაადგინონ ის სფეროები სადაც ორივე ქვეყნის მთავრობის დახმარება დასჭირდებათ ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობისთვის", - განაცხადა ვაშაძემ.