პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლაში ნათლად დადასტურდა, რომ მისთვის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა.
"გუშინდელ გამოსვლაში ნათლად გამოიკვეთა ის, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის ნამდვილად არ არის პრიორიტეტი არც აფხაზეთი და არც ცხინვალის რეგიონი. საქართველოს პრეზიდენტს ერთსაათიან გამოსვლაში და შემდეგ დებატების დროს ერთხელაც კი არ უხსენებია რეალური რაიმე ნაბიჯი, სამოქმედო გეგმა ან პროგრამა, თუ როგორ აპირებს ის ნდობის აღდგენას აფხაზ და ოს ხალხთან და როგორ აპირებს კონფლიქტების მოგვარებაზე მუშაობას", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, სააკაშვილმა მორიგი ფრაზა გადმოაგდო, როდესაც თქვა, რომ არ აპირებს, შეეგუოს ოკუპაციას.
"მორიგი ფრაზა გადმოაგდო, რომ ის არ აპირებს შეეგუოს ოკუპაციას, მაგრამ რას აპირებს იმისთვის, რომ ამას არ შეეგუოს, რას აპირებს იმისთვის, რომ რეალური ცვლილებები მოხდეს, ამაზე პრეზიდენტს არაფერი არ უთქვამს სწორედ იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცის, რომ ამისი არც პერსპექტივა აქვს და არც რეალური შესაძლებლობები და გეგმები", - აღნიშნა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.