საქართველო, რუსეთისგან განსხვავებით, ცივილიზებული ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს. ამის შესახებ პარლამენტში პოლიტიკური დებატების დასრულების შემდეგ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
"განსხვავებით რუსეთისგან, საქართველომ უნდა გააგრძელოს ცივილიზებული საქციელი ყველა სფეროში, სადაც კი შესაძლებელია", - აღნიშნა ბარამიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ საქართველოს ეკონომიკის საკეთილდღეოდ ნაბიჯები უნდა გადადგას და ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს, მათ შორის რუსეთის მიმართულებით.
"ჩვენ გვინდა, საქართველოში ჩამოვიდნენ რუსი ტურისტები და არა ტანკისტები. ბიზნესმენებს, რომლებსაც ხშირად რუსეთში არ დაედგომებათ, ექნებათ საშუალება, საქართველოში დააბანდონ ფული", - აღნიშნა მინისტრმა.
მისი შეფასებით, მოვა დრო, როდესაც საქართველო ნატოს წევრი გახდება და რუსეთი მიხვდება, რომ მას ძალისმიერი მეთოდებით ვერ დაიბრუნებს.
"ამის შემდეგ დაიწყება ურთიერთობების მოგვარება თანსწორუფლებიან პირობებში", - მიაჩნია ბარამიძეს.