საპარლლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, დღეს ქართველ შვილებს ოცნება არ სჭირდებათ, რადგან ისინი რეალობაში არიან და ამ რეალობის შენებას აგრძელებენ.
„საქართველოს თითოეული მოქალაქე არის ბედნიერი, რადგან წარმატებას ისტორიის წიგნებში კი არ ეძებს, საქართველოს ყველა მოქალაქე ქმნის საკუთარი ხელებით. სევდიანი, ცრემლიანი პოლიტიკოსები და ფანტომასავით მოძრავი მილიარდერები საქართველოს წარმატებას ვერ შეაჩერებენ. ჩვენ შვილებს დღეს ოცნება არ სჭირდებათ, ისინი რეალობაში არიან და ამ რეალობის შენებას გააგრძელებენ მომავალში. არჩევანის დრო არის - ან დადგებით აქ, ან დარჩებით ისტორიის წარსულში", - განაცხადა მინაშვილმა საპარლამენტო დებატებისას.
ამასთან, მინაშვილის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების კურსს ავტოკრატიულს და დიქტატორულს უწოდებს, რუსეთისკენ და ევრაზიის კავშირისკენ იღვწვიან.
„შარშანდელი წელი დახუნძლული იყო მნიშვნელოვანი მოვლენებითა და რეფორმებით. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც საუბრობენ, რომ ჩვენ გარკვეულწილად დიქტატორული და ავტოკრატიული მიმართულებით მივდივართ. ბატონებო, რბილად რომ ვთქვათ ძალიან საკვირველია ეს ყველაფერი. ეს ადამიანები მიიღწვიან ევრაზიული კავშირისკენ და რუსეთისკენ. კი ბატონო, თავისუფალი სახელმწიფოა. რუსეთის მოქალაქეობა შეუძლიათ შეინარჩუნონ ისე როგორც რამდენიმეჯერ გააკეთეს და შევიდნენ ევრაზიულ კავშირში", - განაცხადა მინაშვილმა.