საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე წარმოადგენს მაფიას, ხელისუფლება კი იმ ადამიანებს, რომლებსაც მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება სურთ.
„გაურკვეველია როგორ შეიძლება გიორგი თარგამაძემ წარმოადგინოს ქართული საზოგადოება, როდესაც ადამიანების გარკვეულ ჯგუფს მან უწოდა მათხოვრები. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება წარმოადგენდეს გიორგი თარგამაძე ქართულ საზოგადოებას, როდესაც მისი გამოსვლის ძირითადი ნაწილი კრიმინალებს, ხულიგნებს ეხებოდა. თქვენ წარმოადგენთ სწორედ მაფიას, სწორედ კრიმინალს, ჩვენ წარმოვადგენთ ადამიანებს, რომლებსაც სურთ მშვიდობიანად, წყნარად, კრიმინალის გარეშე სახელმწიფოში ცხოვრება", - განაცხადა მინაშვილმა.
მისი მტკიცებით, 13 წლის მოსწავლეს, რომელიც 53-ე სკოლიდან გარიცხეს, მრავალი ალტერნატივა შესთავაზეს, თუმცა უარი თქვა.
„ის ადამიანი, რომელიც თქვენ ახსენეთ შესთავაზეს მრავალი ალტერნატივა, მაგრამ მან უარი განაცხადა. მთავარი ინტერესი არის რომ ბავშვებს ჰქონდეთ ნორმალური სწავლის საშუალება და არავითარი სტატუსი იმუნიტეტი არ არის. თუ ადამიანი დანაშაულს ჩადის მან ამაზე პასუხი უნდა აგოს", - აღნიშნა მინაშვილმა.