საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერ, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, აქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი ყოველწლიური მოხსენებისას შეეხო იმ საკითხებს, რომელიც საზოგადოებაში ყველაზე ხშირად ისმება.
„პრეზიდენტი შეეხო იმ საკითხებს, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში ყველაზე ხშირად ისმება. ეს არ იყო მხოლოდ რაღაც თეორიული მსჯელობები, პრეზიდენტმა ეს წინადადებები კონკრეტული მაგალითებიდან გამომდინარე გააკეთა. მისი ინიციატივები ზუსტად ასახავს საზოგადოების იმ მოთხოვნებს, რომლებიც დღეს შეიძლება ჩნდებოდეს", - განაცხადა კუბლაშვილმა.
კულაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი იყო ის განცხადებები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთდა.
„ნებისმიერი არჩევნები არის ტესტი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. შესაბამისად, წინა არჩევნებმაც დაადასტურა, რომ საქართველო მუდმივად ამ გამოცდას აბარებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, პოლიტიკური პარტიები ამ გამოცდას კიდევ ერთხელ ჩააბარებენ საერთაშორისო საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე", - განაცხადა კუბლაშვილმა.
მისი თქმით, პრეზიდენტის გამოსვლაში ასევე მნიშვნელოვანი იყო დემოგრაფიისა და სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით წამოჭრილი ინიციატივები.
„მე ვფიქრობ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო სხვა საკითხები, რომელსაც პრეზიდენტი შეეხო თავის გამოსვლაში. ბევრი სხვადასხვა ინიციატივაა, რომელიც შეიძლება გამოიყოს პრეზიდენტის გამოსვლიდან, მაგრამ განსაკუთრებით დემოგრაფიულ საკითხთან დაკავშირებით მომდევნო წლიდან განსახორციელებელ გეგმებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები იყო საყურადღებო. თუმცა მნიშვნელოვანია ასევე ის საკითხები რაც უკავშირდება ირიგაციას და მექანიზაციას, რაც მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის", - აღნიშნა კუბლაშვილმა.