"უარს ვაცხადებ, შევეგუო ორად გაყოფილ ქვეყანას, სადაც საზოგადოების მცირე ნაწილი ახერხებს დამსახურებული წარმატების მიღწევას, მაშინ, როდესაც მეორე, დიდი ნაწილი დაუმსახურებლად რჩება თუნდაც ნაწილობრივ უკან მოტოვებული", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.
"2015 წლის გეგმას თანმიმდევრულად მივყვებით. ყველა მიმართულებით შეინიშნება პროგრესი. გეგმის ძირითადი პუნქტები უფრო სწრაფად და მასშტაბურად ხორციელდება. მიღწეული შედეგი გვიმყარებს რწმენას, რომ საქართველო ისევ წინ მიდის, მაგრამ ფაქტია, რომ უამრავი მოქალაქე ჯერაც ვერ გრძნობს იმ წინსვლას, საკუთარი ოჯახის მაგალითზე", _ განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ათობით ათასი შრომისუნარიანი განათლებული მოქალაქე, რომელსაც უნდა მუშაობა, ვერ ახერხებს სამუშაო ადგილის პოვნას.
"ჩვენ გავხსენით ათობით ახალი კლინიკა, მაგრამ უამრავი ჩვენი მოქალაქე კითხულობს: რა საჭიროა თანამედროვე კლინიკა, თუ არ მაქვს იქ მკურნალობის ფული. ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტი და მეტი ტურისტი ჩამოდის თბილისში, ბათუმში, კახეთში, საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ცენტრში და უამრავი სოფლის მკვიდრი კითხულობს, რა ხეირი მაქვს მე, სოფელ იფნარში ან სოფელ სამღერეთში მცხოვრებ კაცს, ბათუმსა და მესტიაში ჩამოსული ტურისტისგან. თითოეული მათგანი სრულიად სამართლიანად სვამს ამ შეკითხვებს. მე ყველა ამ ადამიანის მესმის", _ აცხადებს სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ მათი მდგომარეობა ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების უმთავრეს მოვალეობას - არა მხოლოდ ქვეყნის განვითარებაზე იზრუნოს, არამედ გაფართოვდეს ამ განვითარებით მოსარგებლე მოქალაქეების რაოდენობა.