"დღევანდელი მონაცემებით სოფლის მეურნეობის სექტორი დაახლოებით 35 %-ით გაზრდილია, მოსახლეობის 55 % უკვე გაზიფიცირებულია და წელს გაზიფიცირებული მოსახლეობის წილი 65 პროცენტამდე გაიზრდება, დაწყებულია 15 ჰესის მშენებლობა, წლის ბოლომდე კი დაგეგმილია კიდევ 10 ახალი ჰესის მშენებლობის დაწყება", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.
"შარშან დაგპირდით, რომ 2015 წლისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობას გავაორმაგებთ. დღევანდელი მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სექტორი უკვე დაახლოებით 35 პროცენტითაა გაზრდილი. შარშან დაგპირდით, რომ 2015 წლისთვის ჩვენი მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული, დღეისთვის უკვე მოსახლეობის 55 პროცენტია გაზიფიცირებული. წელს გაზი შევა 80 ათას ოჯახში და გაზიფიცირებული მოსახლეობის წილი 65 პროცენტამდე გაიზრდება. შარშან დაგპირდით რომ 2015 წლისთვის საქართველოში აშენებული იქნება მინიმუმ 10 ახალი ჰიდროელექტროსადგური, ჯამში 300 მეგავარი სიმძლავრის, დღეისთვის უკვე დაწყებულია 15 ჰესის მშენებლობა, ხოლო 2012 წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 10 ახალი ჰესის მშენებლობის დაწყება. ჯამური ინვესტიცია ამ ჰიდროელექტროსადგურებში გადააჭარბებს 2 ნახევარ მილიარდ დოლარს და რაც მთავარია, ახალი ჰესების მშენებლობა დაასაქმებს 13 ათასზე მეტ ჩვენს მოქალაქეს", _ განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ შარშან წარდგენილი გეგმის მიხედვით, 2015 წლისთვის საქართველოში იფუნქციონირებს ასზე მეტი ახალი თანამედროვე კლინიკა.
"მაშინ სკეპტიკოსებმა ბევრი გვიყიჟინეს, მათ შორის ამ დარბაზშიც და საავადმყოფოების პროგრამა მთავრობის ყველაზე წარუმატებლად შერაცხეს, წელს ყველა მოქალაქე ხედავს, რა ტემპით ხორციელდება ახალი საავადმყოფოების პროგრამა. უკვე გავხსენით 90-მდე ახალი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კლინიკა და წლის ბოლომდე დაპირებული 100-ის ნაცვლად ფუნქციონირებას დაიწყებს 130 ახალი სამედიცინო ცენტრი", _ განაცხადა სააკაშვილმა.