ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების" წევრს, ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძეს იმედი აქვს, რომ დღევანდელი დებატები შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭრების 10 პროცენტი მაინც დაფიქრდება საკუთარ არჩევანზე.
ამის შესახებ ვეფხვაძემ დღეს, პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სკეპტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის მოსვლა მხოლოდ „ბოლის გამოშვებაა", თუმცა დეპუტატის შეფასებით, პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში მისვლა და დებატები საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„დებატები ძირითადად „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ქრისტიან-დემოკრატებს" შორის დებატებად გადაიქცა, რომელიც პროგრამული დებატებია და ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს, განვითარებას ეხება", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისივე შეფასებით, პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლით ყოველწლიურად პოლიტიკური სეზონი იხსნება, რის შემდეგაც მოსახლეობა კარგად ხვდება რა სხვაობაა „ნაციონალებსა" და „ქრისტიან-დემოკრატებს" შორის.
„თუ ამ დებატების შემდეგ თქვენი მხარდამჭერების 10 % მაინც დაფიქრდება ღირს თუ არა თქვენი მხარდაჭერა, მაშინ ეს დებატები შემდგარი იქნება", - მიმართა ლევან ვეფხვაძემ უმრავლესობას.
ვეფხვაძის გამოსვლას უმრავლესობის წევრი კობა ხაბაზი გამეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ მომხრეებს დაფიქრება არ სჭირდებათ.
„ჩვენი მომხრეები ფიქრობენ და გააზრებულად გვაძლევენ ხმას, ისევე როგორც თქვენი მომხრეები ფიქრობენ და ყოველი დებატების შემდეგ რამდენიმე პროცენტს კარგავთ", - განაცხადა ხაბაზმა ვიცე-სპიკერის საპასუხოდ და ურჩია, რომ კარგი იქნება თუ დებატების დროს დაფიქრდებიან „ქრისტიან-დემოკრატები" და არ შეეცადებიან მხოლოდ პოპულისტური ნაბიჯებით გავიდნენ ფონს.