საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას პეტრას ციხესთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთებამდე საკითხში გარკვევას ურჩევს.
როგორც დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრვლესობის წევრმა კობა ხაბაზმა განაცხადა, პეტრას ციხე ჯერ არ გაყიდულა და მხოლოდ მოლაპარკება მიმდინარეობს მართვის უფლების გადაცემასთან დაკავშირებით.
„ის, კომპანია, რომელთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს მზად არის მის რეაბილიტაციასა და აღდგენაში ნახევარი მილიონი ჩადოს. რაც შეეხება მის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც იყო რესტორანი და პატარა სასტუმრო, ნარკომანების თავშესაფარად იყო გადაქცეული", - აღნიშნა ხაბაზმა და უმცირესობის დეპუტატებს ურჩია, ბათუმში ზღვაზე ჩასვლის დროს მაინც დაინტერესდნენ რა მდგომარეობაშია ახლა ძეგლი.
მისი თქმით, პეტრას ციხის აღდგენის შემდეგ ის გახდება ერთ-ერთი ტურისტული ცენტრი.
„ამ ძეგლს აღდგენა და რებაილიტაცია სჭირდება", - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.
შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე პეტრას ციხე და მისი 3 200 კვ.მ. ფართობის ტერიტორია, რომელიც აჭარაში, სოფელ ციხისძირში მდებარეობს, ინვესტორს, სავარაუდოდ, 49-წლიანი იჯარის ვადით და სიმბოლურ თანხად - 1 ლარად გადაეცემა.