არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები საკანონმდებლო წინადადებებს კვირის ბოლოს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნობენ. როგორც კამპანიის ორგანიზატორებმა „ჯი-ეიჩ-ენს" აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით 2 მარტს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" მრგვალი მაგიდა გაიმართება, სადაც საუბარი შეეხება არსებული კანონმდებლობით დაწესებულ შეზღუდვებზე, ისე არასამთავრობოების მიერ მომზადებულ წინადადებათა პაკეტზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დემოკრატიულობა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლება და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება.
მრგვალ მაგიდაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელისუფლების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, აგრეთვე, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვლენ გარკვეული ინიციატივით, რომელიც ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდის გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლება 13 თებერვალს წამოიწყეს კამპანია "ეს შენ გეხება", რომლის მიზანი საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა.
კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, 170-მდე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ, აგრეთვე, 1500-მდე ფიზიკურმა პირმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომელიც, საკანონმდებლო წინადადების პაკეტთან ერთად, საქართველოს პარლამენტს 17 თებერვალს წარუდგინეს.