საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ისრაელში მდებარე ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით ქართული მხარე იმედოვნებს, რომ მეორე მხრიდანაც აქტიური გამოხმაურება მოჰყვება. როგორც კალანდაძეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რთულია იმის თქმა თუ რა ეტაპზე იმყოფება ამ დროისთვის მოლაპარაკებები.
"რთული საკითხია რა ეტაპზე იმყოფება მოლაპარაკება. მოლაპარაკების პროცესი მოიცავს ორივე მხარის მონაწილეობას და ორივე მხარეს უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. ორივე მხარე და სამუშაო ჯგუფი კონპლექტდება არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობით, არამედ სწორედ დარგობრივი და მეცნიური წარმომადგენლობით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მას შემდეგ რაც პრეზიდენტის მიერ გაცხადებული იქნა ეს ინიციატივა კიდევ უფრო გავააქტიურებთ ამ საქმიანობას და იმედი გვაქვს, რომ სწორედ მეორე მხრიდანაც აქტიურ გამოხმაურებას შევხვდებით. ეს საკითხი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია", - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, ეს ის თემაა, რომ ისეთ სახელმწიფოებს როგორიც არის ისრაელი, და საბერძნეთი ძალიან კარგად ესმის.
"ეს მათთვის ღირებული თემაა. რაც შეეხება სირთულეებს. ამ ეტაპზე მე ვიტყოდი, რომ ნაადრევია ამ საკითხზე საუბარი, რადგან პირველ რიგში საჭიროა, რომ მოლაპარაკებების ინტენსიფიკაცია მოხდეს. თუ რაიმე სირთულეები იქნება ამასთან დაკავშირებით იმედი გვაქვს ვითანამშრომლებთ წარმატებით.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში მუშაობა.
"სწორედ ამ ჭრილში არის განსახილველი ეს საკითხიც. სხვა ძეგლებისგან განსხვავებით, ამ საკითხზე ცოტა ადრე იყო დაწყებული მუშაობა. ბუნებრივია იმ ძეგლებთან მიმართებაში, რომლებიც უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებიან, ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მისი დიპლომატიური წარმომადგენლები, როგორც საელჩო, ასევე საკონსულო სამსახურები. ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო როგორც წინამორბედი ელჩი, ასევე ისრაელში საქართველოს ამჟამინდელი ელჩი. მას კიდევ დამატებით ინსტრუქციები მიეცემა", - აღნიშნა კალანდაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ისრაელის ჯვრის მონასტრის დაბრუნებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.