ხვალ, 28 თებერვალს, რამაზ და ნატაშა ჩხიკვაძის ხსოვნას მათი შვილიშვილი მოდის ჩვენებას უძღვნის. როგორც ნატალია ჩხიკვაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ჩვენებას რუსთაველის თეატრში, რამაზ ჩხიკვაძის საღამოზე მოაწყობს. 28 თებერვალს რამაზ ჩხიკვაძეს 84 წელი შეუსრულდებოდა.
"კოლექციის შექმნა ბებიაჩემთან ერთად დავიწყე. ერთ-ერთი კაბა მან თავად დამიხატა, რაღაც დეტალები კი შევცვალე, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ. სამწუხაროდ, ის ვეღარ დაესწრება ამ ჩვენებას, არადა, ყველაზე დიდი კრიტიკოსი ბებია იყო", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" ნატალია ჩხიკვაძემ.
მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე 83 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. რამაზ ჩხიკვაძე 1928 წლის 28 თებერვალს თბილისში დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მ.თუმანიშვილის მოწაფე). ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.
რამაზ ჩხიკვაძეს ნათამაშები აქვს: ლეანდრო (ჯ.ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი"), ვეფხია გაბიდაური (კ.ბუაჩიძის "ამბავი სიყვარულისა"), ქოსა მრჩეველი (გ.ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა"), მაქჰითი (ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა"), ფადინარი (ე.ლაბიშის "ჩალის ქუიდ"), აკოფა (ა.ცაგარელის "ხანუმა"), კირილე მიმინოშვილი (დ.კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), შოშია (ნ.დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა") და სხვა. ახალი ეტაპია ჩხიკვაძის შემოქმედებაში რეჟისორ რობერტ სტურუას დადგმებში მონაწილეობა (ყვარყვარე, პ. კაკაბაძის "ყვარყვარე"; აზდაკი, ბ.ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"; შექსპირის "რიჩარდ მესამე", ლ.ფოფხაძისა და ა.ვარსიმაშვილის "ვარიაციები თანამედროვე თემაზე" და სხვა).
გადაღებული იყო კინოფილმებში: "ლონდრე", "ჩირიკი და ჩიკიტელა", ნატვრის ხე", "ნერგები" (ლუკა, 1974, მოსკოვის VIII საერთაშორისო კინოფესტივალზე მიენიჭა პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის), "ჭრიჭინა", "ვედრება", "ვერის უბნის მელოდები" და სხვა.
მსახიობი სსრკ სახელმწიფო (1979), რუსთაველის (1980) და მარჯანიშვილის (1975) პრემიების ლაურეატი იყო, ასევე დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით, "საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლებით.