თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატმა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ მეტეხის ქუჩა 14-ში მდებარე, მესამე კატეგორიის (სიცოცხლისათვის საშიში) სახლი მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა.
ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შევედრაზე გაბუნიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახლი კატასტროფულ მდგომარეობაშია.
"სახლი არის კატასტროფულ მდგომარეობაში. საყრდენი კედელი შერყეული და დანგრევის პირამდეა მისული. მოსახლეობა კედლებს ქვაბებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით ამაგრებს. ამიტომ, მე აქედან მოვუწოდებ ქალაქის მერს ბატონ უგულავას, რომ პირადად დაკავდეს აღნიშნული საკითხით და დაიწყოს სახლის გადარჩენის და მოსახლეობის გაყვანის პროცესი, რომ თავიდან ავიცილოთ ტრაგედია, რომლის საფრთხე სრულიად რეალურად ემუქრება მეტეხის 14-ში მცხოვრებ მოსახლეობას", - განაცხადა გაბუნიამ.