არ არსებობს გარიგება შენი ქვეყნის დამპყრობელთან! - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნულ აკადემიის მსმენელების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს უნდა, გვინდა კარგი ურთიერთობა ჰქონდეს მეზობლებთან, "მაგრამ ჩვენ გვინდა გახსნილი ქვეყანა. არ არსებობს კომპრომისი ჩვენი თავისუფლებისა და მომავლის ხარჯზე".
"ეს არის ის, რისი თქმაც დანარჩენი საქართველოსთვის მსურდა დღეს, ბოლშევიკური ოკუპაციის ამ მორიგი წლისთავის დღეს. დღეს, როგორც არასდროს, აქტუალურია იმ იუნკერების თავდადება საქართველოს თავისუფლებისთვის.ჩვენ ერთი რამ უნდა გვესმოდეს - თუ დღეს ყოყმანს დავიწყებთ, ჩვენ დავკარგავთ არა მარტო წლებს, არამედ თაობებს. მრავალი თაობა დაიკარგა 1921 წელს იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობა ყოყმანობდა; იმის გამო, რომ საქართველო აღმოჩნდა იზოლაციაში; იმის გამო, რომ საქართველო დაიპყრო მტერმა - შიდა მოღალატეებმა, შულავერის კომიტეტმა საქართველო მტერს ჩააბარა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თმით, ქვეყანას აღარ აქვს დასაკარგი დრო და აღარ ჰყავს დასაკარგი თაობები.
"ყოველგვარი ყოყმანი ნიშნავს იმასაც, რომ დავკარგავთ განვითარების შანსს. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ გავიგეთ აღმშენებლობის გემო. ის ახალი ქალაქების მშენებლობა, რომელიც ახლა დავიწყეთ და ასე აღიზიანებს და ანერვიულებს ჩვენს მტერს - ახალი ბათუმისა და თუნდაც თბილისში მიმდინარე დიდი მშენებლობა; ამ გზებისა და ავტობანების მშენებლობა; ახალი აეროპორტების მშენებლობა; ძველი ძეგლების აღდგენა და ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის უკან დაბრუნება მხოლოდ თავისუფლების პირობებშია, ჩემო მეგობრებო, შესაძლებელი", - განაცხადა პრეზიდენტმა.