ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში ამერიკელმა ჯარისკაცებმა მუსულმანთა წმინდა წიგნი - "ყურანი" დაწვეს.
როგორც ადგილობრივი პოლიცია იუწყება, ლაღმანის პროვინციაში შეკრებილი ასობით ადამიანი ხმამაღლა სკანდირებდა "სიკვდილი ამერიკას". გარდა ლეღმანისა, საპროტესტო აქციები მთელი ავღანეთის მასშტაბით მიმდინარეობს.
იმავდროულად, თალიბანი გამოვიდა მოწოდებით, რომ ყურანის შეურაცხყოფისთვის მოკვდეს ყველა უცხოელი ჯარისკაცი, რომელიც ავღანეთში იმყოფება.
"ავღანელებმა უნდა გააგრძელონ პროტესტი და მიზანში უნდა ამოიღონ უცხოური სამხედრო ბაზები და სამხედროები. ეს ფაქტი უნდა გახდეს გაკვეთილი, რათა ყურანს შეურაცხყოფა ვეღარავინ მიაყენოს", - აღნიშნულია თალიბანის წევრის განცხადებაში.
ვაშინგტონმა "ყურანის" დაწვის გამო ოფიციალური ბოდიში მოიხადა.
"ყურანი" ამერიკელმა სამხედროებმა ბაღრამის აეროდრომის ნაგავსაყრელზე დაწვეს.