ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის სამ კანდიდატს პრეზიდენტი ცესკოს დღეს წარუდგენს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა.
"პრეზიდენტმა უკვე მიმართა საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სესიის დანიშვნის წინადადებით. სესია 12 იანვარს არის ჩანიშნული. 12 იანვარსვე პრეზიდენტი პარლამენტში შევა საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცედურების ვადების ცვლილებას შეეხება. კანონში ჩაიდება ფორმულა, რომლის მიხედვითაც, ცესკოში წარმოდგენილ ოპოზიციურ პარტიებს კონსულტაციებისთვის დამატებით სამი დღე მიეცემათ, ანუ საარჩევნო ადმინისტრაციაში წარმოდგენილმა ოპოზიციურმა პარტიებმა თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებით კონსულტაციები 14 იანვრის ჩათვლით უნდა გამართონ", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მანჯგალაძემ განმარტა, რომ ცესკოს სხდომა უნდა გაიმართოს არა უგვიანეს 14 იანვრისა.
"თუ საარჩევნო ადმინისტრაციაში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიები ვერ შეძლებენ თავმჯდომარის არჩევას, მაშინ პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს, რისთვისაც, კანონის შესაბამისად, 7 დღის ვადაში რიგგარეშე სხდომა დაინიშნება. საბოლოო ვადა ცესკოს თავმჯდომარის არჩევისთვის განისაზღვრება 21 იანვრით, ეს იმ შემთხვევაში, თუკი კანდიდატი ცესკოში 4 ხმის დაგროვებას ვერ შეძლებს", - განმარტა მანჯგალაძემ.