ირანს და დასავლეთს შორის დაძაბულობა კავკასიაზეც გავრცელდა, სადაც გასულ კვირაში ისრაელელი დიპლომატის ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბი იპოვეს. ამის შესახებ BBC-ის მიმომხილველი დამიენ მაკგინესი სტატიაში სათაურით " ირანის ბირთვული დაძაბულობა კავკასიასაც გადაედო" წერს.
მაკგანისის აზრით, ირანი და ისრაელი, როგორც ჩანს მუქარების, აფეთქებების და შეთქმულებების ფარული ომით არიან დაკავებულნი კავკასიაში, რეგიონში, რომელიც ცივი ომის დროს მტკიცედ რუსეთის გავლენის სფეროს ნაწილი იყო.
"ირანის საიდუმლო ბირთვული პროგრამა ჯაშუშების სამიზნეა, რადგან დასავლელი ლიდერები დარწმუნებულნი არიან, რომ თეირანი, მართალია ამას უარყოფს, თუმცა ბირთვული იარაღის შექმნას გეგმავს. აფეთქებასთან დაკავშირებულ ანტიისრაელურ შეთქმულებას საქართველოს დედაქალაქ თბილისში ადგილი ჰქონდა სამი კვირის შემდეგ მას მერე, რაც ნავთბით მდიდარი მეზობელი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სამი მამაკაცი დააკავა, რომლებიც ბაქოში ისრაელის ელჩის მოკვლის მიზნით შეთქმულებაში დაადანაშაულეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების თანახმად, სამიზნეს ებრაელების სკოლა და ადგილობრივი რაბინებიც წარმოადგენდნენ. ისრაელის მთავრობამ ირანი იმაში დაადანაშაულა, რომ ამ თავდასხმების უკან ის დგას - ბრალდება, რომელსაც თეირანი უარყოფს", - აღნიშნულია სტატიაში, რომლის ქართულ ვერსიას "ფორეინპრესი" აქვეყნებს.
მაკგინესის ინფორმაციით, გასულ კვირაში ირანმა შეუღრინა აზერბაიჯანს, რომელსაც ისრაელთან კარგი კავშირები აქვს. მაკგინესს სტატიაში მოყავს თეირანის განცხადებაც, რომლის თანახმადაც იანვარში მოკლული ირანელი მეცნიერის როშანის მკვლელები აზერბაიჯანის გავლით გაიქცნენ.
"ეს დაძაბულობა იმაზე მიუთითებს, რომ ირანელი ჯაშუშები და ისრაელის საიდუმლო სამსახურის „მოსადის" აგენტები სამხრეთ კავკასიაში, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთისგან შედგება, აქტიურად მოქმედებენ. კასპიის ზღვაში აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის მოპოვების ფაქტი, ასევე რეგიონში არსებული მთავარი მილსადენები, რომლებიც დასავლურ ბაზრებს ენერგორესურსებით ამარაგებს, კიდევ უფრო ზრდის ამ რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას", - ნათქვამია სტატიაში.
როდესაც საქმე ჯაშუშობას ეხება, რეგიონი მეორე მსოფლიო ომის წინანდელ შვეიცარიას ემსგავსება, ამბობს ქართველი პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი: „ყველა იყენებს სამხრეთ კავკასიას ამ ფარული ომისთვის. ეს ცხადია", ამბობს ის.
სტატიის თანახმად, რუსეთს, ირანსა და თურქეთს შორის მოქცეული სამხრეთ კავკასია სტრატეგიული გზაჯვარედინია ირანს და დასავლეთს შორის.
"აზერბაიჯანს, რომელიც ირანს ესაზღვრება, თეირანთან ისტორიული და კულტურული კავშირები აქვს: ირანის ჩრდილოეთ ნაწილში დაახლოებით 20-30 მილიონი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს.
საქართველო, რომელმაც შარშან ირანთან თავისუფალ სავიზო რეჟიმზე შეთანხმება გააფორმა, თავისი სუსტი ეკონომიკის ზრდისთვის ენთუზიაზმით იზიდავს ირანულ ტურიზმს და ვაჭრობას. ახალი სავიზო რეჟიმის წყალობით, შარშან საქართველოს ირანელი ტურისტების უპრეცედენტო რიცხვი - 60, 000 ადამიანი სტუმრობდა. მაგრამ იმავდროულად, საქართველო და აზერბაიჯანი დასავლეთის აქტიური მოკავშირეები არიან. ორივე ნატოს ავღანეთის მისიის კონტრიბუტორია და ევროპასთან ძლიერი ბიზნესსკავშირები აქვთ. საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზანი ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებაა. აზერბაიჯანი დასავლეთში, ასევე ისრაელში ნავთობისა და გაზის მსხვილი მიმწოდებელია. თავის მხრივ, აზერბაიჯანი ისრაელისგან იარაღს და სამხედრო აღჭურვილობას ყიდულობს. ლოიალურობის შეწყვეტაში სამხრეთ კავკასიისთვის ახალი არაფერია", - ნათქვამია სტატიაში.
კითხვაზე რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ირანზე შეერთებული შტატების ან ისრაელის დარტყმას? - მაკგანისს მოყავს აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის პასუხი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო ყველაზე ახლო სამიზნე იქნება ირანის კონტრშეტევისთვის.
"აზერბაიჯანი შეეცდება თავი აარიდოს ნებისმიერ თანამშრომლობას დასავლეთთან. მაგრამ საქართველო ამას უდიდესი სიამოვნებით გააკეთებს".
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრო-დასავლური მთავრობა აშშ-ს აქტიური მოკავშირეა, ალექსანდრე რონდელი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. „ჩვენ აქ არ გვაქვს არანაირი ამერიკული ბაზები ან აუცილებელი სამხედრო ინფრასტრუქტურა". და დიპლომატებიც ამბობენ, რომ ვაშინგტონი არ ჩააყენებს საქართველოს ასეთ მოწყვლად მდგომარეობაში", - აღნიშნულია სტატიაში.
რონდელს სჯერა, რომ საქართველოსთვის მთავარი საფრთხე რუსეთიდან ემუქრება.
მაკგივენის მტკიცებით, ზოგიერთი ქართველი შიშობს, რომ მოსკოვი ირანთან კონფლიქტს რეგიონში რუსეთის პოზიციის აღდგენისთვის საბაბად გამოიყენებს.
"ტრადიციულად კრემლი ამ რეგიონს მიიჩნევს საკუთარ ზურგად და სასარგებლო ბარიერად არასტაბილური ახლო აღმოსავლეთისგან ჩრდილოეთით. ქართველების შიშებს ისიც ამძაფრებს, რომ რუსეთი წელს მოგვიანებით კავკასიაში მასშტაბურ სამხედრო წრთვნებს გეგმავს. ნებისმიერ მნიშვნელოვან კონფლიქტს ირანთან შეიძლება ჰუმანიტარული კატასტროფა მოჰყვეს: ასობით ათასი დევნილი მოაწყდება ირანის საზღვართან აზერბაიჯანს, ქვეყანას, რომელიც 1990-ან წლებში სომხეთთან ომის შემდეგ მთელი ძალით ცდილობს მილიონამდე დევნილის პრობლემას გაუმკლავდეს. ანალიტიკოსები ერთ რამეზე თანხმდებიან: ადგილობრივ დონეზე კიდევ რაიმე ტიპის კონფლიქტის არანაირი სურვილი არ არსებობს", - წერს მაკგივენი და აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს, ბოლოდროინდელი ტერორისტული აქტების მდელობა, ნერვების ომის ნაწილია. მაგრამ ამ რეგიონში, რომელიც მრავალწლიანი ომების შემდეგ აღდგენისთვის იბრძვის, ხალხს სტაბილურობა სწყურია.