კინოთეატრ "ამირანის" მცირე დარბაზში 23 თებერვალს, 20 საათზე, რუსუდან პირველის სადებიუდო ნამუშევრის "სუსას" დახურული ჩვენება გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობეს "სუსა" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია და მისი წარმოებისთვის ეროვნულმა სუბსიდიამ 125 000 ლარი შეადგინა.
90 წუთიან სოციალურ დრამაში ასახულია 13 წლის ბიჭის ცხოვრება. "იმედებს და მოლოდინებს შეუძლიათ ძლიერი გაგხადონ, მაგრამ როდესაც რეალობა ილუზიებს არაფრად აქცევს 13 წლის ბიჭი იზრდება სწრაფად."
მთავარ როლებში : ავთანდილ თეთრაძე, ლევან ლორთქიფანიძე, ეკატერინე კობახიძე, გია გოგიშვილი, პაატა ხვედელიძე, გივი ქართველიშვილი, ვიქტორ ქსოვრელი.
ფილმმა წარმატებები მოიპოვა მსოფლიოს არაერთ ფესტივალზე. მათ შორის: გრანპრი, ჯეონჯუს საერთაშორისო ფესტივალი, კორეა, 29 აპრილი-7 მაისი, საუკეთესო რეჟისურა, კულტურათაშორისი საერთაშორისო კინოფესტივალი, საფრანგეთი, 30 სექტემბერი - 10 ოქტომბერი, საუკეთესო მსახიობი, მონრეალის ახალი კინოს საერთაშორისო კინოფესტივალი / კონკურსი , 13-24 ოქტომბერი, დისტრიბუციის პრიზი, მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალი / კონკურსი , 21-20 ოქტომბერი, გრანპრი, ოქროს პრომეთე, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, 6-12 დეკემბერი, VFF -ის პრიზი საუკეთესო ახალგაზრდული პროექტისთვის, ბერლინალეს კინოფესტივალის მარკეტი.
"სუსამ" მონაწილეობა მიიღო როტერდამის, ბერლინის, კანის, შანჰაის, ანტალიის, მონრეალის, მონპელიეს და სხვა არაერთი კინოფესტივალის სხვადასხვა სექციაში. ფილმს საინტერესო კრიტიკული სტატიები მიუძღვნეს გავლენიანმა გამოცემებმა "ვერაიეთიმ", "ოქსფორდ თაიმსმა" და სხვებმა.
ფილმი თბილისის კინოთეატრების - რუსთაველის და ამირანის ეკრანებზე 24 თებერვლიდან გამოვა.