ქართული ბლუზ ბენდი ბერლინში კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ბენდ "T.Blues Mob"-ის დამფუძნებელმა, კოკა ცქიტიშვილმა განუცხადა.
"ჩვენ გავხდით ევროპული ბლუზის კავშირის წევრი, სადაც დიდი დაინტერესება გამოვიწვიეთ. წლის დასაწყისში მივიღეთ მოწვევა და მარტში მივდივართ ბერლინში - "EUROPEAN BLUES CHALLENGE 2012 - THE BANDS", სადაც მონაწილეობას ვიღებთ კონკურსში. საღამოზე ყველა კონკურსანტს 30 წუთი დაეთმობა და ამ პერიოდში 5 სიმღერას წარვადგენთ. ჩვენ ვხურავთ ფესტივალს და გამოდის, რომ წინა კონკურსანტები ჩვენამდე დარბაზს "გაახურებენ", რაც დიდი პატივია", - განაცხადა ცქიტიშვილმა.
კონკურსი სამდღიანია და 15, 16 და 17 მარტს გაიმართება. გამარჯვებულს ჟიურის წევრები გამოავლენენ. კონკურსში 20 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. საღამოს 64 პროდიუსერი დაესწრება, როგორც ცქიტიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან აღნიშნა, ეს კონკურსი მათ ბევრ საინტერესო ადამიანთან დააკავშირებს.
T.Blues Mob 1998 წელს კოკა ცქიტიშვილის თაოსნობით შეიქმნა. იგი დღესაც ბენდის ლიდერი, ბასისტი და ვოკალისტია. მასთან ერთად განახლებულ შემადგენლობაში უკრავენ გიტარისტი თამაზ თხინვალელი, დრამერი დავით მანიჟაშვილი, ქართველი მსმენილისთვის კარგად ცნობილი შემსრულებელი და კომპოზიტორი რომა რცხილაძე, რომელიც T.Blues Mob-ს ყველაზე ბოლოს შეუერთდა.
1998-2010 წლებში ბენდს გასტროლები ჰქონდა დანიაში, გერმანიაში, შვედეთში, ბელგიაში, რუსეთში, ტაილანდში, ნიდერლანდებში და ნორვეგიაში და უკრავდა ამ ქვეყნებში გამართულ, როკის, პოპის, ბლუზისა და ჯაზის ფესტივალებზე.