"მასმედია უფრო შოუბიზნესზეა გადასული, ვიდრე შემოქმედი. მუსიკოსის ადგილი აღარ დარჩა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" მუსიკოსმა რობი კუხიანიძემ.
"ჩემთვის მუსიკა პოპულარობა არ არის და ჩემს კონცერტზე ბილეთი არ იყიდება. ჩემი მსმენელი საზღვარგარეთ წავიდა. ფაქტობრივაად, უკვე 7 წელია საქართველოში გამოგვიცხადეს, რომ ბებრებმა ახალგაზრდებს უნდა დავუთმოთ სცენა და ასეც არის. საქართველოში შოუბიზნესი არ არსებობს", - აღნიშნა კუხიანიძემ.
რობი კუხიანიძემ ჯგუფი "აუთსაიდერი" 1989 წელს დააარსა და როგორც თავად ამბობს, ჯგუფის შექმნაში 35 ათასი დოლარი დახარჯა. ქუთაისელმა პანკებმა პირველი სერიოზული კონცერტი 1996 წელს, ვაკის პარკში, ფესტივალ "მარგალიტაზე" გამართეს. მუსიკოსი ამბობს, რომ ამის შემდეგ მსგავსი კონცერტი არ გაუმართავს. ბოლოს, 19 თებერვალს, მან აქცია-კონცერტში მიიღო მონაწილეობა ("როკი ძალადობის წინააღმდეგ").
"სერიოზული კონცერტი უკვე დიდი ხანია არ ჩამიტარებია, დაახლოებით 1996 წელს ფესტივალ "მარგალიტას" ვიხსენებ, იმ პერიოდში და დღესაც თბილისში ქუთაისელი პანკების კონცერტი მიუღებლად მიაჩნიათ. ბოლოს აქცია-კონცერტში მივიღე მონაწილეობა. ამგვარი ტიპის აქციებში მონაწილეობა ჩემთვის უკვე ჩვეულებრივია და უამრავი მაქვს ჩატარებული", - განაცხადა კუხიანიძემ.