სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსის 1-ელ ტურში 5 პროექტი გამოვლინდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეროვნული კინოცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნინია ახვლედიანმა განუცხადა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სულ 21 პროექტი იყო წარმოდგენილი.
"კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, მე-2 ტურში გადავიდა ყველა ის პროექტი, რომელმაც 80 და მეტი ქულა მოიპოვა. მე-2 ტურში მონაწილეობას მიიღებს 5 პროექტი. კომისია დახურულია და წევრების ვინაობა არ სახელდება. წარმოდგენილი ხუთიდან კი, შესაძლოა, მეორე ტურში კომისიამ 2 პროექტი აირჩიოს", - აღნიშნა ახვლედიანმა.
კონკურსის 1-ლი ტურის 5 წარმატებულ პროექტში ლევან კოღუაშვილი, გიორგი ოვაშვილი, ბესიკ სოლომანაშვილი, თინათინ ყაჯრიშვილი და გიორგი ცქვიტინიძე დასახელდნენ. კონკურსს გამოეთიშა დანარჩენი 16 რეჟისორის მიერ წარმოდგენილი პროექტი.
ხუთი რეჟისორის მიერ წარმოდგენილ პროექტზე კომისიის წევრების ქულები კი ასე გადანაწილდა:
1. "მელოტი ბიჭები" (პროდიუსერი - შპს "კინო იბერიკა", რეჟისორი - ლევან კოღუაშვილი) - 108 ქულა;
2. "სიმინდის კუნძული" (პროდიუსერი - შპს "ალამდარი" - ნინო დევდარიანი, რეჟისორი - გიორგი ოვაშვილი) - 102 ქულა;
3. "20 საფეხური მიწის ზემოთ" (პროდიუსერი - შპს "სოლოსოლო", რეჟისორი - ბესიკ სოლომანაშვილი) - 100 ქულა;
4. "პატარძლები" (პროდიუსერი - შპს "ჯემინი", რეჟისორი - თინათინ ყაჯრიშვილი) - 91 ქულა;
5. "მე ვარ ბესო" (პროდიუსერი - შპს "რეკე პროდაქშენი", რეჟისორი - გიორგი ცქვიტინიძე) - 81 ქულა;
კონკურსის მე-2 ტური 27 თებერვალს გაიმართება.