ხვალ, 12 იანვარს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართება. დეპუტატები პრეზიდენტის შეთავაზებას გაითვალისწინებენ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის ვადებს გადაწევენ.
14:00 საათზე, "საარჩევნო კოდექსში" შესაბამის ცვლილებას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს.
13:00 საათზე დაგეგმილია საკონსტიტუციო ცვლილების საორგანიზაციო კომისიის სხდომა, რომელიც უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას არა უგვიანეს 1-ლი ივნისისა.
ბიუროს სხდომის გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაძლებელია საკონსტიტუციო ცვლილება პირველი მოსმენით, 12 ინვარსვე იყოს განხილული.
ბიუროს წევრები კი 12:00 საათისთვის შეიკრიბებიან და ბიუროს სხდომაზე შევა პრეზიდენტის ინიციატივა ვადების გადაწევასთან დაკავშირებით.
"საარჩევნო კოდექსის" მოქმედი რედაქციით, პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები 8 იანვრამდე უნდა შეერჩია, თუმცა კანონი დაირღვა. პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურებიდან ერთი ოპოზიციის წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარედ უნდა დაემტკიცებინათ არა უგვიანეს 11 იანვრისა.