1-ელ მარტს იტალიაში ტრანსპორტი არ იმოძრავებს, რადგანაც მომსახურე პერსონალი გაიფიცება. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, გაიფიცება როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის პერსონალი.
ტრანსპორტის პროფესიული კავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჰაერო ტრანსპორტი და აეროპორტები 1-ელ მარტს, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, არ იმუშავებს, ხოლო მატარებლები - 14:00 საათიდან 18:00 საათამდე. რაც შეეხება ტრანსპორტის სხვა საშუალებებს, კომპანიები თავად გადაწყვეტენ, დროის რა პერიოდში გაიფიცებიან და არ იმუშავებენ. მაგალითად, მილანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 08:45 საათიდან 12:45 საათამდე არ იმუშავებს, ხოლო იტალიის დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაფიცვა 08:30 საათიდან 12:30 საათამდეა დაგეგმილი.
გაფიცვის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ გაფიცვის მიზანი პრემიერ-მინისტრის ქმედებებია, რომელიც ტრანსპორტის სფეროს ყურადღებას საერთოდ არ აქცევს.