მიშა მრევლიშვილის ფილმს "სიხარულის ოდა", არაკომერციულობის გამო, კინოთეატრებში არ უშვებენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" რეჟისორმა განუცხადა.
"ფილმი დოკუმენტურია და ევროპის 23 ქვეყანაში ქუჩის მუსიკოსების "მუშაობას" ასახავს. საზოგადოებას სურათი მხოლოდ ერთხელ "თბილისის საერთაშორისო ფესტივალის" ფარგლებში წარვუდგინე, რის შემდეგაც მიმდინარეობდა მოლაპარაკება კინოთეატრ "ამირანთან" და "რუსთაველთან", თუმცა ფილმი არაკომერციულობის და არამომგებიანობის გამო ეკრანზე არ გაუშვეს. საქართველოში ბევრი კინოთეატრი არ გვაქვს, ამიტომ ეს რთული საკითხია, თუმცა ამ ფილმს მაინც ვაჩვენებ სადმე, თუნდაც პატარა კინოეკრანზე", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" მრევლიშვილმა.
ფილმის გადაღება 2 თვის განმალობაში ევროპის 23 ქვეყანაში მიმდინარეობდა. ფილმის ნაწილი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა დააფინანსა, რის გამოც სურათმა დასრულებული სახე ერთ წელიწადში მიიღო. პრემიერა 2011 წლის "თბილისის საერთაშორისო ფესტივალის" ფარგლებში მოეწყო.
"სიხარულის ოდა" არის დოკუმენტური ფილმი ევროპის შესახებ. ამ ფილმის მონაწილენი ევროპის დედაქალაქებში მიმოფანტული ქუჩის მუსიკოსები არიან. თითოეული მათგანი მოკლედ მოგვითხრობს თავისი ქვეყნის, ქალაქისა და ქუჩის ისტორიებს და თავის ინსტრუმენტზე შეასრულებს ფრაგმენტს ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიიდან ("სიხარულის ოდა").